logo
ENG



"ჩვენ იქ დავბრუნდებით, გეგმები გვაქვს" - ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მიმართა

14 სექ 202217:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/e7kvxpv3947obfz.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკივში, გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში ვიზიტისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს. მან იზიუმიდან ოკუპირებულ ყირიმის მოსახლეობას მიმართა.

„ჩვენ უნდა გავუგზავნოთ სიგნალი ჩვენს ხალხს, ვინც სამწუხაროდ კვლავ ოკუპაციის ქვეშაა. ჩემი სიგნალი ყირიმში მყოფი ადამიანების მიმართ შემდეგია: ვიცით, რომ ეს ჩვენი ხალხია, და ეს საშინელი ტრაგედიაა, რომ ისინი 8 წელზე მეტია, რაც ოკუპაციის ქვეშ არიან. ჩვენ იქ დავბრუნდებით, ზუსტად არ ვიცი როდის, თუმცა გეგმები გვაქვს“ - განაცხადა ზელენსკიმ.

იზიუმში ვიზიტისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ბუჩაში უკვე მოხდა, ის, რაც იზიუმში ნახა შოკისმომგვრელია.

„რასაც ვხედავთ შოკისმომგვრელია, იმის მიუხედავად რომ ეს უკვე ვიხილეთ ბუჩაში, თავდაპირველად დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. მსგავსად, განადგურებული შენობები, მოკლული ხალხი. სამწუხაროდ, ეს დღეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და ეს თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ნაწილია - იმის, რაც ჩაიდინეს“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა უკრაინაში გამომძიებლებისა და პროკურორების გაგზავნისთვის, რისი მიზანიც ოკუპანტების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიებაა.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ პროცესს დრო სჭირდება... დარწმუნებული ვარ ამ ყველაფრისთვის ვერდიქტი იქნება, იქნება ტრიბუნალი. მე ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება“ - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა